English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ ლაშა ლაბაძეიაროსლავა ბაბიჩიირაკლი გაბრიაძე
კაპიტალის მარაგის და კაპიტალის უკუგების შეფასება საქართველოსთვის

ნაშრომში წარმოდგენილია საქართველოს კაპიტალის მარაგის შეფასება  საერთაშორისოდ აღიარებული მოდელის (Perpetual Inventory Model) გამოყენებით, რომელიც ემყარება სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების 1996-2017 წლების მონაცემებს. ქვეყნების სტატისტიკის სამსახურები,როგორც წესი,არ აქვეყნებენ კაპიტალის მარაგის ოფიციალურ შეფასებებს, რადგან მისი ზუსტი დათვლა ძალზედ რთულია. საქართველოშიც არ მოიპოვება ოფიციალური მონაცემები კაპიტალის მარაგის შესახებ.

კაპიტალის მარაგის შეფასების ყველაზე რთული ნაწილია სხვადასხვა ტიპის აქტივების ამორტიზაციის მაჩვენებლის გამოთვლა, რადგან ამორტიზაცია პირდაპირ დაკვირვებადი ან გაზომვადი არ არის ქვეყნის მასშტაბით. ამრიგად, სხვადასხვანა შრომები ეყრდნობა გარკვეულ დაშვებებს ამ პრობლემის გადასაჭრელად. მკვლევარების მიერ აღნიშნული მეთოდოლოგიით შექმნილია კაპიტალის მარაგის მონაცემთა ბაზები მრავალი ქვეყნისთვის (ყველაზე დიდი კვლევა ამ მიმართულებით შესრულდა 2012 წელს, რომელმაც 103 ქვეყანა გააერთიანა), თუმცა არცერთი მათგანი საქართველოს არ მოიცავს. კაპიტალის მარაგი უმთავრესი ცვლადია ისეთი მაკროეკონომიკური მოდელებისთვის,როგორიცაა საერთო წარმოების ფუნქციის შეფასება, ეკონომიკური ზრდის მოდელების შეფასება, ეკონომიკის პოტენციური გამოშვების შეფასება, პროდუქტიულობის ანალიზი და მრავალი სხვა. ამრიგად, ჩვენი გათვლები ხელს შეუწყობს სხვადასხვა მაკროეკონომიკური მოდელების სიზუსტის გაზრდას და უკვეთესი პროგნოზირებისა  და  პოლიტიკის ანალიზის წარმოებას საქართველოსთვის. ნაშრომში დეტალურადაა აღწერილი კაპიტალის მარაგის შეფასების მეთოდოლოგია და ყველა გამოყენებული დაშვება საქართველოსთვის და, საბოლოო ჯამში,დათვლილია როგორც კერძო, ასევე საჯარო კაპიტალის მარაგი 1996-2017 წლებისთვის. კაპიტალის მარაგის ამ მონაცემებზე დაყრდნობით ნაშრომში ასევე მოცემულია კაპიტალის უკუგების გაანგარიშება ზემოთაღნიშნული  წლებისთვის. საბოლოოდ, კაპიტალის უკუგების გამოყენებით, რეგრესიული ანალიზის საფუძველზე ვაფასებთ,თუ რა ახდენს გავლენას კერძო ინვესტიციებზე. ინვესტიციებზე გავლენის შეფასების მოდელი ემყარება ე.წ. Q თეორიას. აღნიშნული მიდგომით ვაფასებთ ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილებაზე მოქმედი ყველაზე რელევანტური ცვლადის, კაპიტალის უკუგებასა და კაპიტალის ღირებულებას შორის სხვაობის გავლენას. მოდელში ერთ-ერთ ამხსნელ ცვლადად ასევე ვიყენებთ ბიზნეს დასაქმებას, რომელიც ინსტრუმენტალური ცვლადია,რათა ასახოს ფირმების გამოშვებაზე მოთხოვნისზრდა, რომელიც გამოწვეულია ჯამური შრომითია ანაზღაურების გაზრდით. ასევე, საქართველოს კონტექსტიდან გამომდინარე, კერძო სექტორში დასაქმების ცვლადი აღწერს იმ პოზიტიურ შოკს, რამაც გავლენა იქონია მუშა-ხელის პროდუქტიულობაზე და გაზარდა მუშა-ხელზე მოთხოვნა (ფაქტია,რომ საქართველოში,  კერძო სექტორში დასაქმება და ხელფასები მუდმივად იზრდებოდა განხილული წლების განმავლობაში, რაც განპირობებული იყო მუშა-ხელზე მოთხოვნის ზრდით).

ჩვენი გათვლებით, კაპიტალის უკუგება 1996-2017 წლებში მერყეობდა 7-26% ინტერვალში. 1996 წლიდან 2008 წლამდე იზრდებოდა მუდმივად, ხოლო 2008 წლის რუსეთთან ომისშემდგომ შემცირდა და ბოლო წლების მანძილზე დასტაბილურდა 14% მაჩვენებელზე.

როგორც ნაშრომში მიმოვიხილეთ, ეს მაჩვენებელი შესაბამისობაშია გარდამავალი ეკონომიკების შესახებ კვლევებში მოცემულ შეფასებებთან.

ნაშრომში ნაჩვენებია,რომ სხვაობა კაპიტალის უკუგებასა და კაპიტალის ღირებულებას შორის ინვესტიციების მოცულობის მნიშვნელოვანი ამხსნელი ცვლადია. ამ სხვაობის ერთი პროცენტული პუნქტით გაზრდა იწვევს კერძო ინვესტიციების დაახლოებით 1.8 პროცენტით ზრდას. შესაბამისად, შესაძლებელია დავითვალოთ,რა გავლენა ექნება ინვესტიციებზე, მაგალითად ,რეალური საპროცენტო განაკვეთის შემცირებას. ასევე, კერძო ინვესტიციების მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია ბიზნესსექტორში დასაქმების მაჩვენებელი. დასაქმების ერთი პროცენტით ზრდა იწვევს კერძო ინვესტიციების 0.5 პროცენტიან ზრდას. რეგრესიული ანალიზის საშუალებით ვნახეთ,რომ 2008 წლის ომმა კერძო ინვესტიციები საშუალოდ 34%-ით შეამცირა 2008-2009 წლებში.

საკვანძო სიტყვები: კაპიტალის მარაგის შეფასება, მუდმივი მართვის მოდელი, კაპიტალის უკუგება, ბიზნეს ინვესტიციები.